„როიტერი“ – დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინს გაუზიარა

15:27, 09.02.2026

დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები გაუზიარა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს, რომელიც აშშ-ში სექსუალური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ბოლო პარტია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეპშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ მისი ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს.

კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია.

მეტროპოლიტენის პოლიცია ჯერ არ აცხადებს, იქცევა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ენდიუს მიმართ გამოძიების დაწყების მიზეზად.

როგორც მედია წერს, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეპშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა. თუმცა 65 წლის ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა. რაც შეეხება ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო ფაილებს, ამის თაობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი