„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთის ციხეებიდან პატიმრები შეცდომით თავისუფლდებიან
„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთის ციხეებიდან პატიმრები შეცდომით თავისუფლდებიან

დიდი ბრიტანეთის ციხეებიდან ყოველ კვირა შეცდომით რამდენიმე პატიმარს ათავისუფლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის მონაცემებით, 2025 წლის მარტამდე 12 თვის განმავლობაში ციხეებიდან შეცდომით 262 მსჯავრდებული გათავისუფლდა. წინა ერთი წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115-ს შეადგენდა.

„სისტემა აბსოლუტურ ქაოსშია. ჩვენ ვადეპორტებთ იმაზე მეტ უცხოელ პატიმარს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მათ ქვეყნიდან გავაძევებთ განაჩენის გამოტანის შემდგომ და არ დაველოდებით სასჯელის მოხდას“, – განუცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექს დევის-ჯონსმა ადგილობრივ მედიას.

აღნიშნული პრობლემა გაერთიანებულ სამეფოში აქტუალური გახდა გასულ თვეს,  სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული მიგრანტის შეცდომით გათავისუფლების შემდეგ. ეთიოპიელი თავშესაფრის მაძიებლის დაკავებას ივლისში მასობრივი ანტიიმიგრაციული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ციხიდან შეცდომით გათავისუფლების შემდეგ პოლიცია მიგრანტს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ ეთიოპიელი მიგრანტი ქვეყნიდან დაადეპორტეს.

მიმდინარე კვირაში ციხიდან შეცდომით კიდევ ორი პატიმარი გაათავისუფლეს. მათგან ერთ-ერთი სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში მყოფი პირი, ალჟირის მოქალაქე იყო, რამაც სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

პატიმრების შეცდომით გათავისუფლებამ გაზარდა ზეწოლა ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრზე, დევიდ ლემიზე, რომელმაც პარლამენტს განუცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად წესები გაამკაცრა.