„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სანქციების აღდგენის პროცესს დაიწყებენ
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სანქციების აღდგენის პროცესს დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც ანონიმურობის დაცვით საუბრობენ.
ამასთან, როგორც როიტერი“ წერს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ირანი მომდევნო ერთი თვის ვადაში წარადგენს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვალდებულებებს, რაც ევროპელ ლიდერებს შემზღუდველი ზომების მიღებას გადააფიქრებინებს.
ევროპელი ლიდერებისა და ირანის წარმომადგენლის შეხვედრა 26 აგვისტოს შედგა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. წყაროების ცნობით, ევროპულმა „სამეულმა“ სანქციების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკვე 28 აგვისტოს მიიღოს.
მედიის ცნობით, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ცდება სამოქალაქო მიზნებს, რასაც თეირანი უარყოფს. ამ სანქციების ასამოქმედებლად კი პროტოკოლით 30 დღეა განსაზღვრული, რის შემდეგაც შეზღუდვები გავრცელდება ირანის ფინანსურ, საბანკო და თავდაცვის სფეროებზე.