„როიტერი“ - დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ვიეტნამელი იყო
„როიტერი“ - დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ვიეტნამელი იყო

დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ვიეტნამელი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. თავდაპირველად დეტექტივები აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილები ჩინელები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით ვიეტნამში რამდენიმე ოჯახმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილით შესაძლოა, მათი ნათესავები მგზავრობდნენ. ამის შემდეგ გამოძიება სწორედ ამ კუთხით წარიმართა.

ამჟამად დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყება ვიეტნამის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

ამასთან, პოლიცია მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებს რამდენიმე ოჯახთან. გამომძიებლების ინფორმაციით, მათი დახმარებით რამდენიმე ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ავტომობილი ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდი იყო. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის პოლიციამ მალევე დააკავა ოთხი პირი.

პირველ ნოემბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ვიეტნამში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილებს მიგრანტები საზღვარზე არალეგალურად რამდენიმე წლის განმავლობაში გადაჰყავდათ. ამის პარალელურად ვიეტნამში რამდენიმე ადამიანი დაკითხეს.