„როიტერი“ - დავოსში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, მხარეებმა მოლაპარაკებებს პოზიტიური და კონსტრუქციული უწოდეს
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრა ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა. საუბარი ომის დასრულების „აშშ-ისეულ გეგმას“ ეხებოდა.
რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა პუტინის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს „პოზიტიური“ უწოდა.
კირილ დმიტრიევმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„დიალოგი კონსტრუქციულია და სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის რუსეთის პოზიციის სამართლიანობის“, – აღნიშნა დმიტრიევმა.