„როიტერი“ - ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მსხვილ სახელმწიფო ბანკებს სთხოვა, შეამცირონ ამერიკული დოლარის შესყიდვები
„როიტერი“ - ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მსხვილ სახელმწიფო ბანკებს სთხოვა, შეამცირონ ამერიკული დოლარის შესყიდვები

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მსხვილ სახელმწიფო ბანკებს სთხოვა, შეამცირონ ამერიკული დოლარის შესყიდვები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ამგვარად ჩინეთის ცენტრალური ბანკი ცდილობს, არ დაუშვას იუანის კურსის მკვეთრი ვარდნა ამერიკული ტარიფებისა და ჩინეთის საპასუხო ზომების ფონზე.

მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთის სახალხო ბანკმა სახელმწიფო ბანკებს მიმდინარე კვირას გაუგზავნა სახელმძღვანელო, რომელშიც მათ სთხოვა, თავი შეიკავონ დოლარის შეძენისგან. მსხვილ ბანკებს ასევე უთხრეს, რომ თავიანთი კლიენტებისთვის დოლარის შეძენის შეკვეთის დროს გაამკაცრონ შემოწმება.

როგორც „როიტერის“ ერთ-ერთი წყარო განმარტავს, ეს არის ცენტრალური ბანკის მხრიდან სპეკულაციური ვაჭრობის შეკავების გზა. მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, რომ ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ბანკები აქტიურად ყიდიან დოლარს და ყიდულობენ იუანს, რათა შეაჩერონ იუანის გაუფასურების ტემპი.