„როიტერი“ – ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-ის ტარიფებს ერთობლივად უპასუხებენ
ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-ის ტარიფებს ერთობლივად უპასუხებენ, – ამის შესახებ „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე, „CCTV“-ზე დაყრდნობით წერს.
30 მარტს გამართული შეხვედრის დროს ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სავაჭრო მინისტრები შეთანხმდნენ, „რეგიონული და გლობალური ვაჭრობის“ ხელშეწყობის მიზნით დააჩქარონ მოლაპარაკებები სამხრეთ კორეა-იაპონია-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.
„სამმა ქვეყანამ გაცვალა მოსაზრებები გლობალური ვაჭრობის გარემოს შესახებ და როგორც ერთობლივ განცხადებაში ჩანს, ამ ქვეყნებმა გაიზიარეს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროების მნიშვნელობა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის სავაჭრო სამინისტროს წარმომადგენელმა.