„როიტერი“ – ჩინეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, ერთმანეთისგან იმპორტირებულ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფები შეამცირონ
ჩინეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, ერთმანეთისგან იმპორტირებულ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფები შეამცირონ. „როიტერის“ ინფორმაციით, საუბარი ეხება ტვირთების ფართო ასორტიმენტს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირის განცხადებით, აშშ-ჩინეთის სავაჭრო საბჭოს ფარგლებში, ორივე ქვეყანამ „არამგრძნობიარე საქონლისთვის“ 30-30 მილიარდი დოლარის ვაჭრობის უფრო ხელსაყრელი სატარიფო რეჟიმს გაუწია რეკომენდაცია. გრირის თქმით, ეს ჩინეთის ბაზარზე აშშ-ის ექსპორტის დაახლოებით 30%-ისთვის გააუმჯობესებს წვდომას.
თეთრი სახლის სიის მიხედვით, ჩინეთი შეუმცირებს ტარიფს ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის სიმინდს, ხორბალს, სორგოს, ხორცს, რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთებს. პეკინი ასევე გეგმავს ტარიფების შემცირებას თევზზე და ზღვის პროდუქტებზე, ხე-ტყის პროდუქციაზე, კოსმეტიკასა და სამედიცინო მოწყობილობებზე. აღსანიშნავია, რომ სოიო სიაში არ შედის. აშშ-ის მხრიდან ტარიფის შემცირება ეხება ჩინურ მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, საცხოვრებელ ტექსტილს, სათამაშოებსა და სხვა პროდუქტს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ზავს ორი თვით გაახანგრძლივებდა 10 იანვრამდე. ეს კი ორივე მხარეს საშუალებას მისცემს, შეაფასონ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების გადასაჭრელად მიმდინარე შეთანხმებები.
„როიტერის“ ცნობით, ტარიფების ორმხრივი შემცირება და სავაჭრო ზავის გახანგრძლივება სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის წლის მეორე სამიტის მთავარი შედეგებია.