„როიტერი“ – ჩეხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ნატო-ს სამიტზე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ
ჩეხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ნატო-ს სამიტზე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩეხეთის მთავრობა დათანხმდა, რომ პრეზიდენტი პეტრ პაველი მომავალ კვირას თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწროს, თუმცა უთანხმოებაა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჩეხეთის დელეგაციას და ვინ წარმოადგენს ქვეყანას სამიტის შეხვედრებზე, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო და მთავრობას დაავალა, პრეზიდენტისთვის ნატო-ს სამიტზე დასწრების უფლება მიეცა. მთავრობამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს, თუმცა აღნიშნა, რომ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს და ძირითად შეხვედრებში სწორედ ის მიიღებს მონაწილეობას.
„საუკეთესო იქნებოდა, თუ ის არ მოითხოვდა მონაწილეობას“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეეძლო მომდევნო წლის სამიტზე დასწრება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა კი განაცხადა, რომ მას აქვს უფლება, დელეგაციას უხელმძღვანელოს და მონაწილეობა მიიღოს ლიდერების ვახშამსა და პლენარულ სხდომაში.
„მთავრობამ უნდა დაიცვას არსებული პრაქტიკა, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სახელმწიფოს მეთაურს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ქვეყანა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა“, – განაცხადა პაველმა.
დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩეხეთის თავდაცვის პოლიტიკაა. ბაბიში აცხადებს, რომ მას სჭირდება შესაძლებლობა, ნატო-ს პარტნიორებს აუხსნას მთავრობის პოზიცია, მათ შორის ის, რატომ ვერ შეასრულა ქვეყანამ გასულ წელს ალიანსის მოთხოვნა და თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2% ვერ დახარჯა. პეტრ პაველი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და უკრაინის დახმარებას. პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა თავდაცვის ხარჯების ზრდას არ ემხრობა.