„როიტერი“ – ბოლო 14 წლის განმავლობაში ესპანეთში პირველად გაიმართა საყოველთაო გაფიცვა, რომელშიც მილიონობით დასაქმებული მონაწილეობდა

02:08, 12.11.2026

ბოლო 14 წლის განმავლობაში ესპანეთში პირველად გაიმართა საყოველთაო გაფიცვა, რომელშიც მილიონობით დასაქმებული მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი ესპანელი მონაწილეობდა. პროფკავშირების განცხადებით, გაფიცულებმა, მიუხედავად შტორმისა და უამინდობისა, პიკეტები მოაწყვეს და ქვეყანაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისი გააპროტესტეს.

ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დრო რჩება.

პროფკავშირების ცნობით, პორტებსა და საავტომობილო სექტორში გაფიცვაში მონაწილეობის მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია. საწარმოო პროცესი სრულად შეჩერდა Volkswagen-ის ქარხანაში ნავარაში და SEAT-ის ქარხანაში ბარსელონაში. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, Red Eléctrica-ს მონაცემებით, დილის 10-დან 11 საათამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 15.5%-ით შემცირდა. გაფიცვას მხარს უჭერდა ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი – UGT და CCOO, ასევე მოიჯარეთა ასოციაციები, რომლებიც ქირის ზრდასა და გამოსახლებებს აპროტესტებენ.

მადრიდსა და ბარსელონაში ბევრი მაღაზია დაიკეტა. მადრიდის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე, გრან-ვიაზე, დემონსტრანტების შეძახილების ფონზე რამდენიმე მაღაზიამ, მათ შორის Primark-მა, H&M-მა და Pull & Bear-მა, ჟალუზები ჩამოუშვა.

ესპანეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების დეფიციტი, დაახლოებით, 750 000 ერთეულს შეადგენს და პროგნოზის თანახმად, 2028 წლისთვის მილიონს გადააჭარბებს. ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს ინფორმაციით, ქირის საშუალო ფასი – 1 176 ევრო – ახალგაზრდა ადამიანის საშუალო თვიური ხელფასის თითქმის 98.7%-ს უტოლდება.

პოლიციის ინფორმაციით, გაფიცვასთან დაკავშირებული 476 ინციდენტის შედეგად შუადღისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ინციდენტებს შორის იყო ოფისებისა და სამრეწველო ზონების ბლოკირება და ნაგვის კონტეინერების დაწვა. პროფკავშირებმა პოლიცია არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენების შედეგად 20 დემონსტრანტი დაშავდა.

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა 2012 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. გაფიცვას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციები. პროტესტი მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლებამ და მისმა შემდგომმა გარდაცვალებამ გამოიწვია. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა პარლამენტის მიერ მთავრობის იმ დადგენილებების უარყოფამ, რომლებიც გამოსახლებების შეზღუდვასა და ქირის ზრდის შეკავებას ისახავდა მიზნად. ამ მოვლენების შემდეგ პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

მსგავსი