„როიტერი“ - ბალტიისპირეთის ქვეყნები „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილების შემდეგ ნატო-ს უსაფრთხოების გაზრდისკენ მოუწოდებენ
ბალტიისპირეთის ქვეყნები „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილების შემდეგ ნატო-ს უსაფრთხოების გაზრდისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, ლატვიამ და ლიეტუვამ ნატო-ს მოუწოდეს, გააძლიეროს აღმოსავლეთ საზღვრები იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბელარუსში განთავსდნენ.
„ეს ნაბიჯი უნდა შეფასდეს უსაფრთხოების სხვა თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ ამ დაქირავებული ჯგუფის შესაძლებლობები“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ სიჩქარემ, რომლითაც „ვაგნერი“ მოსკოვისკენ მიიწევდა, აჩვენა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდა გაძლიერდეს.
„ჩვენი ქვეყნების საზღვრები სულ რაღაც ასეულ კილომეტრშია, ასე რომ, მათ შეიძლება, 8-10 საათი დასჭირდეთ, რომ მოულოდნელად გამოჩნდნენ სადღაც ბელარუსში, ლიეტუვასთან ახლოს, რაც ქმნის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა „სერიოზული მიდგომა“ ბალტიის რეგიონის დაცვისთვის.