„როიტერი“ - ავსტრიის პროკურატურამ კონსერვატიული პარტიისა და კანცლერ სებასტიან კურცის უახლოესი თანაშემწეების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა
„როიტერი“ - ავსტრიის პროკურატურამ კონსერვატიული პარტიისა და კანცლერ სებასტიან კურცის უახლოესი თანაშემწეების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის კონსერვატიული პარტიისა და მისი უახლოესი თანაშემწეების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხრეკა კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ გაზეთებში რეკლამის დაფინანსებას სასურველი გაშუქების სანაცვლოდ.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ გამოძიება არის მორიგი პოლიტიკური „თავის ტკივილი სებასტიან კურცისთვის, რომლის წინააღმდეგ პროკურატურამ მაისში ცალკე გამოძიება დაიწყო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებაზე.

ჩხრეკა ასევე ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში. ავსტრიის სახალხო პარტია ანტიკორუფციულ პროკურატურას პარტიისა და კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ მიკერძოებაში სდებს ბრალს.

„ხდება მორიგი ბრალდებების გაყალბება ისეთი მოვლენების შესახებ, რომელთაგან ზოგი ხუთი წლის წინ მოხდა. ეს ხდება იგივე მიზნითა და მეთოდით, რომ სერიოზული ზიანი მიაყენონ „სახალხო პარტიას“ და სებასტიან კურცს“, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ გაბიშვარცმა განცხადებაში, რომელშიც პარტიის ოფისში ჩხრეკას ადასტურებს.

ავსტრიის ანტიკორუფციულ პროკურატურას კომენტარი არ გაუკეთებია. ავსტრიის კანცელარიის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ ჩხრეკა ჩატარდა მისი, პრესსამსახურის, ასევე კურცის თანაშემწის ოფისებსა და სახლებში.