„როიტერი“ - ავღანეთში ბოლო თვეებში სულ მცირე შვიდი ავღანელი მფრინავი მოკლეს
„როიტერი“ - ავღანეთში ბოლო თვეებში სულ მცირე შვიდი ავღანელი მფრინავი მოკლეს

ავღანეთში ბოლო თვეებში სულ მცირე შვიდი ავღანელი მფრინავი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კოალიციური ძალების ქვეყნიდან გასვლის ფონზე მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობის სერია აჩვენებს, რომ „თალიბანი“ ცდილობს, გაანადგუროს ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სამხედრო აქტივი – აშშ-სა და ნატო-ს მიერ მომზადებული სამხედრო მფრინავების კორპუსი.

აღნიშნული მცდელობით „თალიბანი“, რომელსაც არ გააჩნია საჰაერო ძალები, ცდილობს, გაათანაბროს პირობები მასშტაბური სახმელეთო შეტევის წარმოების პარალელურად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში „თალიბანმა“ ავღანეთის ხუთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა, რომლებიც ირანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ჩინეთსა და პაკისტანს ესაზღვრება. აღნიშნული პროცესი აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების პარალელურად მიმდინარეობს. თალიბების მიერ რაიონების დაკავების პარალელურად, ავღანელი სამხედროების ნაწილი ქვეყნიდან გარბიან. არსებული მონაცემებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ათასზე მეტმა ავღანელმა ძალოვანმა ტაჯიკეთის საზღვარი გადაკვეთა.

სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ერთ-ერთი მოკლული მფრინავი სამხედრო საჰაერო ძალების მაიორი, 7 შვილის მამა დასტაგირ ზამარაია, რომელიც უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, რისთვისაც სახლის გაყიდვა უნდოდა. შეიარაღებულმა პირებმა ის სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც 14 წლის შვილთან ერთად უძრავი ქონების აგენტთან მიდიოდა. თალიბების მიერ ზამარაის მკვლელობას „როიტერთან“ ადასტურებს „თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.