„როიტერი“ - ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, იმის მიუხედავად, რომ ნიუ დელი „თალიბანის“ მთავრობას არ ცნობს
„თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს იქნება „თალიბანის“ ლიდერის პირველი ვიზიტი ინდოეთში მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ძალაუფლება ხელში 2021 წელს ჩაიგდო.
ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამირ ხან მუტაკი ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და სხვა ოფიციალურ პირებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოგზაურობა ხაზს უსვამს „თალიბანის“ მცდელობებს, მოიპოვოს სხვა ქვეყნებისგან ოფიციალური აღიარება, ასევე რეგიონულ ძალებთან ეკონომიკური კავშირები გაფართოოს.
გამოცემა წერს, რომ ნიუ დელი „თალიბანის“ მთავრობას ოფიციალურად არ ცნობს, მაგრამ ურთიერთობების დათბობისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
ცნობისთვის, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „თალიბანის“ მმართველობა ოფიციალურად აღიარა.