„როიტერი“ - აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას იმ გაზსადენზე, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა
აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას იმ გაზსადენზე, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა.
ანონიმური წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა, რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს.
„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონსა და კიევს შორის აშშ-ის დედაქალაქში 11 აპრილს დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც აშშ-ის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.
მანამდე ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ სასარგებლო წიაღისეულის გარშემო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონში 11 და 12 აპრილს გაიმართება.