„როიტერი“ - აშშ თურქეთს რუსული წარმოების „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემას სთავაზობდა
„როიტერი“ - აშშ თურქეთს რუსული წარმოების „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემას სთავაზობდა

აშშ თურქეთს სთავაზობდა უკრაინისთვის რუსული წარმოების „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების გადაცემას.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული საკითხი თურქ კოლეგებთან არაფორმალურად გასულ თვეში დააყენეს, თუმცა „როიტერის“ წაყროს ცნობით, ამასთან დაკავშირებით ფორმალური ან კონკრეტული თხოვნა არ ყოფილა. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინისთვის „ეს-400“-ების გადაცემის შესაძლებლობა მოკლედ წამოიჭრა თურქეთში, მიმდინარე თვეში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვენდი შერმანის ვიზიტის დროს.

ანალიტიკოსების ცნობით, აღნიშნული იდეა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება აუცილებლად უარყოფდა, იყო შერმანსა და მის თურქ კოლეგებს შორის ფართო დისკუსიის ნაწილი, რომელიც უკრაინისადმი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაძლიერებას და ანკარა-ვაშინგტონის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ეხებოდა.

ანკარას მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენა აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის კომპლექსების პირველი პარტია 2019 წლის ივნისში მიიღო. საპასუხოდ, აშშ-მა თურქეთის თავდაცვით მრეწველობას სანქციები დაუწესა და ანკარა „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქულ წყაროებზე და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, უკრაინისთვის რუსული წრამოების სარაკეტო კომპლექსების გადაცემის შესაძლებლობა თურქეთის მხრიდან არ იქნება განხილული. ამის მიზეზად კი სახელდება სხვადასხვა სახის პრობლემა, მათ შორის ტექნიკური დაბრკოლებები, რომლებიც „ეს-400“-ების ექსპლუატაციას უკავშირდება, ასევე ასევე მოსკოვის საპასუხო რეაქცია.