„როიტერი“ - აშშ სირიის მიმართ გამკაცრებულ სანქციებს აწესებს
„როიტერი“ - აშშ სირიის მიმართ გამკაცრებულ სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ომის დასრულების მიზნით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ განახლებული სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სანქციების ახალი ტალღა 39 კომპანიასა და ფიზიკურ პირზე ვრცელდება, მათ შორის, ასადსა და მის მეუღლეზე.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ასადი და მისი ოჯახი ომიდან უდიდეს მოგებას ნახულობს. პომპეოს განცხადებით, განახლებული სანქციები სირიაზე ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის კამპანიის ნაწილია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, განახლებული სანქციებით შესაძლებელი გახდება იმ ანგარიშების გაყინვა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად სირიას უკავშირდება, ეს ასევე ეხება რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების ანგარიშებს.

„იქნება ბევრად მეტი სანქცია და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ასადი და მისი რეჟიმი არ შეწყვეტენ ამ არასაჭირო, სასტიკ ომს სირიელი ხალხის წინააღმდეგ და ვიდრე სირიის მთავრობა კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე არ დათანხმდება“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.