„როიტერი“ - აშშ-ში აცხადებენ, რომ სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი არ შედის
„როიტერი“ - აშშ-ში აცხადებენ, რომ სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი არ შედის

სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში არ შედის უკრაინის საკითხი, – ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

„ცხადი რომ იყოს, დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური ან უსაფრთხოების საკითხები. უკრაინა არ არის დღის წესრიგში. ამ მოლაპარაკებების კონსტრუქციულობა ძალიან მალე გახდება ცხადი; ან საკითხები გადაწყდება, ან არა. ჩვენ მალე გავიგებთ, თუ რუსეთი მართლა მზად არის, ჩაერთოს კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, სტამბოლში 27 თებერვალს რუსი და ამერიკელი დიპლომატები შეხვდებიან. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 26 თებერვალს განაცხადა, ისინი ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის პრობლემებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა.

მანამდე, 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეები, მათ შორის, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენაზე.