„როიტერი“ - აშშ-მა ნატოელ მოკავშირეებსა და რამდენიმე აზიურ ქვეყანას აცნობა, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს
„როიტერი“ - აშშ-მა ნატოელ მოკავშირეებსა და რამდენიმე აზიურ ქვეყანას აცნობა, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს

აშშ-მა თავის ნატოელ მოკავშირეებსა და რამდენიმე აზიურ ქვეყანას აცნობა, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს უკრაინაში ომის მხარდაჭერის შესახებ მოსკოვის თხოვნის საპასუხოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის სახელსაც არ ასაჯაროებს.

მედიასაშუალების ცნობით, შესაბამისი შეტყობინება მოკავშირეებს დიპლომატიური არხებით დაეგზავნათ და პირადად დაზვერვის წარმომადგენლებს გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ რომში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეკ სალივანი ჩინეთის წამყვან დიპლომატს იან ცზეჩის შეხვდა. მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. რუსეთი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად საკმარისი სამხედრო რესურსი აქვს. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ჩინეთი გააფრთხილა, რომ შედეგები დადგება, თუ რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება.

„ჩვენ პეკინს პირდაპირ ვეუბნებით, რომ სანქციების გვერდის ავლის ფართომასშტაბიანი ძალისხმევა ან რუსეთის დახმარება მათ დაძლევაში, გამოიწვევს შედეგებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გაგრძელდეს და არ დავუშვებთ, რომ ამ ეკონომიკური სანქციებიდან ამოსასვლელად რუსეთს რომელიმე ქვეყნიდან მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან სამაშველო თოკი ჰქონდეს“, განაცხადა სალივანმა.