„როიტერი“ - აშშ-მა ირანთან ომის გამო, შესაძლოა, გადაავადოს ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის
„როიტერი“ - აშშ-მა ირანთან ომის გამო, შესაძლოა, გადაავადოს ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის

აშშ-მა ირანთან ომის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, შესაძლოა, გადაავადოს, მათ შორის, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ვაშინგტონმა გააფრთხილა ევროპელი კოლეგები, რომ კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული იარაღის მიწოდებაში ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, შეფერხება იყოს, რადგან „ირანთან ომი მარაგებზე აისახა“.

საუბარია შეიარაღებაზე, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა „უცხოური სამხედრო მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.  ესტონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებმა უკვე აცნობეს თავიანთ ქვეყნებს მოსალოდნელი შეფერხების შესახებ.

„ამერიკის არმია ყველაზე ძლევამოსილია მსოფლიოში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის.

ოპერატიული უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე,
ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ, მოკავშირეებისა თუ პარტნიორების კონკრეტულ საჭიროებებზე, ასევე მათი მხარდაჭერისთვის მიმდინარე ძალისხმევაზე“, – მოჰყავს „როიტერს“ პენტაგონის პრესსპიკერის ციტატა.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი მაღალჩინოსნები წუხან, რომ ეს დაყოვნება მათ რთულ მდგომარეობაში აყენებს.