„როიტერი“ - აშშ-მა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა
„როიტერი“ - აშშ-მა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 ტიპის თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, დანიამ და ნიდერლანდებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საავიაციო კოალიციას, გაუგზავნეს მოთხოვნა აშშ-ს შესაბამისი გარანტიების მიწოდების შესახებ. წყარო ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წერილები გაუგზავნა თავის დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს და არწმუნებდა მათ, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

„ამ წერილით გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას როგორც F-16 გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის, ასევე უკრაინელი მფრინავების მომზადებას კვალიფიციური F-16 ინსტრუქტორების მიერ“, – ნათქვამია ბლინკენის წერილში, რომლის ასლიც გამოცემამ გამოაქვეყნა.

როგორც წერილშია აღნიშნული, ბლინკენის თქმით, მესამე მხარის მოთხოვნების დამტკიცება საშუალებას მისცემს უკრაინას, „ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, როგორც კი პილოტების პირველი ნაკრები დაასრულებს ტრენინგს“.