„როიტერი“ – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტრამპის საჩივრის განხილვაზე, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა

20:21, 29.06.2026

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჩივრის განხილვაზე, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, საჩივარი მიზნად ისახავდა ჯინ კეროლის სასარგებლოდ გამოტანილი 5-მილიონიანი ვერდიქტის გაუქმებას, თუმცა საჩივრის განხილვაზე უარის თქმით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2023 წლის ვერდიქტი, რომლითაც დონალდ ტრამპი პასუხისმგებლად ცნეს სექსუალურ შევიწროებასა და ცილისწამებაში.

„როიტერის“ ცნობით, მოსამართლეებმა ტრამპის აპელაცია მას შემდეგ უარყვეს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ნაფიც მსაჯულთა 2023 წლის ვერდიქტი და არ გაიზიარა ტრამპის არგუმენტები, რომ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო, რადგან მოსამართლემ მსაჯულებს მისცა უფლება, მოესმინათ მტკიცებულებები მისი სავარაუდო წარსული სექსუალური გადაცდომების შესახებ.

ამავე ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა, დონალდ ტრამპის მითითებით, დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება კეროლის, ისევე როგორც პრეზიდენტის კიდევ რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ. გამოძიება, რომლის შესახებაც ცნობილი მაისში გახდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, მისცა თუ არა კეროლმა ცრუ ჩვენება ორ სამოქალაქო საქმეზე, რომლებიც მოიგო.

აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ „შეცდომით მისცა უფლება ნაფიც მსაჯულებს, მოესმინათ ჩვენებები ათწლეულების წინანდელ, გადაუმოწმებელ და საქმესთან დაუკავშირებელ მრავალრიცხოვან ბრალდებებზე“, რითაც დაარღვია სასამართლო საქმეში მტკიცებულებათა მიღების ფედერალური წესები.

„კეროლმა 20 წელზე მეტხანს დაიცადა, რათა დონალდ ტრამპისთვის – პოლიტიკური ოპონენტისთვის – უსაფუძვლო ბრალი დაედო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის 45-ე პრეზიდენტი გახდა, რათა მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი მიეყენებინა მისთვის და საკუთარი სარგებელი მიეღო“, – წერდნენ ადვოკატები სასარჩელო განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი ამტკიცებს, რომ 1996 წელს მანჰეტენში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელში დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ კეროლი „მის გემოვნებაში არ ჯდება“. ამის შემდეგ კეროლმა ტრამპს სასამართლოში უჩივლა და მისი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა.

2024 წლის იანვარში ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს და კეროლისთვის 83,3 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. გასული წლის სექტემბერში სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაზე ტრამპის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ კეროლის კიდევ ერთი სარჩელი ეხებოდა ტრამპის მიერ 2022 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. ამ საქმეზე აშშ-ის პრეზიდენტს ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ტრამპი აცხადებდა, რომ აღნიშნული განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავდა.

მსგავსი