„როიტერი“ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„როიტერის“ ცნობით, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მიმდინარეობს დისკუსია ისრაელის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე, მაგრამ უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რა არის ეს ამ მომენტისთვის.
ოფიციალურმა პირმა ასევე უარყო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ აშშ, შესაძლოა, ვერ დაეხმაროს ისრაელს იმ ფონზე, როდესაც ის უკრაინას იარაღს აწვდის.
„ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ და შევინარჩუნოთ ჩვენი გლობალური მზადყოფნა“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ოფიციალური წყაროს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ კონფლიქტში შესვლით და ომში მეორე ფრონტის გახსნით.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანი იდგა ისრაელში თავდასხმის უკან. მანამდე „ვოლ სთრით ჯორნალის“ მიერ მოპოვებულ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ „ჰამასს“ თავდასხმის დაგეგმვაში.
„რა თქმა უნდა, ირანი არის სურათზე. ირანი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ისტორიის სპეციფიკას ამ დროისთვის“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.