„როიტერი“ - აშშ-ის სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
„როიტერი“ - აშშ-ის სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კანონპროექტი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა წარადგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ აგზავნის მკაფიო სიგნალს ვაშინგტონის მზადყოფნის შესახებ, რომ დააწესოს ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ოფიციალურ პირებს.

ამასთან, ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და დაზვერვას მოუწევს ვლადიმერ პუტინის, მისი ნათესავებისა და ახლო ბიზნესმენების ქონების შესახებ დეტალური ანგარიშის გამოქვეყნება. სანქციები შესაძლოა, მათ წინააღმდეგაც დაწესდეს.

სენატის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან 30 დღის ვადაში ვალდებული იქნება, სანქციები დააწესოს სულ მცირე სამი უმსხვილესი რუსული ბანკისა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარების სახით 500 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.