„როიტერი“ - აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ინდურ კომპანიებს რუსული ნავთობის შესაძენად ახალი შეკვეთები არ განუთავსებიათ
აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ინდურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს რუსული ნავთობის შესაძენად ახალი შეკვეთები არ განუთავსებიათ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ წყაროების ცნობით, სახელმწიფო კომპანია Indian Oil-მა ნავთობის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, ხოლო კონგლომერატმა Reliance Industries-მა გაზარდა ნავთობის შეძენა სპოტბაზარზე.
როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, სურთ, დარწმუნდნენ, რომ მათი შესყიდვები არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, რადგან ბანკები არ შეასრულებენ გადახდის ოპერაციებს.
გასულ კვირას „როიტერი“ წერდა, რომ ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მზად იყვნენ, მკვეთრად შეემცირებინათ რუსული ნავთობის იმპორტი აშშ-ის ახალი სანქციების შესაბამისად. ამასთან, რუსული ნავთობის უმსხვილესმა ინდურმა იმპორტიორმა კომპანიამ, Reliance-მა განაცხადა, რომ შეასრულებს სანქციებს და ამავე დროს შეინარჩუნებს ურთიერთობებს მოქმედ მიმწოდებლებთან.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ინდოეთზე რუსეთის ნავთობის ექსპორტის 40% მოდიოდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა და „ლუკოულის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.