„როიტერი“ - ანტონიო გუტერეში, „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივების სანაცვლოდ, პუტინს სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს
„როიტერი“ - ანტონიო გუტერეში, „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივების სანაცვლოდ, პუტინს სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „მარცვლეულის შეთანხმების“ რამდენიმე თვით გაგრძელების სანაცვლოდ, სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ინფორმაციით, გუტერეშმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, თუმცა მან დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.

„მიზანი არის დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმული მთავარი შეშფოთებაა, რათა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით“, – განუცხადა გაერო-ს სპიკერმა მედიას.

როგორც ანონიმური წყარო „როიტერთან“ აცხადებს, მოსკოვის მთავარი მოთხოვნაა რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელთან. ხოლო ევროკავშირი განიხილავს „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-თან დაკავშირებას, რათა დაუშვას მარცვლეულისა და სასუქის სპეციალური ტრანზაქციები.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და სასუქების რუსული ექსპორტი არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს, რომლებიც დაწესდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვი აცხადებს, რომ გადახდების, ლოგისტიკისა და დაზღვევაზე შეზღუდვები ბარიერს წარმოადგენს გადაზიდვებისთვის.

რუსული სოფლის მეურნეობის ბანკი – „როსელხოზბანკი“ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა. ევროკავშირის წარმომადგენელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს რუსული ბანკების აღდგენას.