„როიტერი“ - ამერიკელი მაღალჩინოსნების გაფართოებული ჯგუფი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ბრძოლას მხარს უჭერს
„როიტერი“ - ამერიკელი მაღალჩინოსნების გაფართოებული ჯგუფი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ბრძოლას მხარს უჭერს

ამერიკელი მაღალჩინოსნების გაფართოებული ჯგუფი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ტრამპის ბრძოლას მხარს უჭერს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო „როიტერი“, სადაც საუბარია, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის მაღალჩინოსნებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა შორის დაზვერვის ოფიცრებიც ფიგურირებენ, ეხმარებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მიმართოს მისი შურისძიების კამპანია სავარაუდო მტრების წინააღმდეგ.

„როიტერი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ სამთავრობო ჩანაწერებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ IWWG – უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების „იარაღად გამოყენების“ წინააღმდეგ შეიქმნა, აერთიანებს მაღალჩინოსნებს თეთრი სახლიდან, ეროვნული დაზვერვის სამმართველოდან, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოდან, იუსტიციისა და თავდაცვის დეპარტამენტებიდან, გამოძიების ფედერალური ბიუროდან, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, შემოსავლების სამსახურიდან და კომუნიკაციების კომისიიდან, ასევე სხვა სააგენტოებიდან და ისინი, სულ მცირე, მაისის შემდეგ იკრიბებიან.

„როიტერის“ ცნობით, ამას მოწმობს ორი დოკუმენტი. სტატიიდან ირკვევა, რომ IWWG-ს ამოცანაა, განახორციელოს ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მიმართულია ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მის წინააღმდეგ ფედერალური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოვლენასა და დევნაზე.

„ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება „ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენების დასრულების“ შესახებ, რომელიც გენერალურ პროკურორს ავალებდა, ეთანამშრომლა ფედერალურ სააგენტოებთან, რათა გამოევლინა და მიეღო შესაბამისი ზომები ფედერალური მთავრობის წარსული გადაცდომების გამოსასწორებლად, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის უწყების იარაღად გამოყენებასთან“, – ვკითხულობთ სტატიაში.

შედეგად, გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ და ეროვნული დაზვერვის დერექტორმა, ტულსი გაბარდმა თავიანთ უწყებებში შექმნეს ჯგუფები, რომელთაც უნდა „ამოეძირკვათ“ ისინი, ვინც, მათი აზრით, ბოროტად იყენებდა სახელმწიფო ძალაუფლებას ტრამპის წინააღმდეგ.

IWWG-ს არსებობა „როიტერს“ რამდენიმე ამირიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ჯგუფის მიზანი ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების განხორციელება იყო.

როგორც მედია წერს, უწყებათაშორისი ჯგუფის არსებობა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის ძალისხმევა, გამოიყენოს სახელისუფლო ძალაუფლება ტრამპის სავარაუდო მტრების წინააღმდეგ, უფრო მასშტაბური და სისტემატური ხასიათისაა, ვიდრე ამის შესახებ მანამდე ვარაუდობდნენ.

„უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფები მთავრობაში, როგორც წესი, შეიმუშავებენ ადმინისტრაციულ პოლიტიკას, ცვლიან ინფორმაციას და თანხმდებიან ერთობლივ ქმედებებზე. ტრამპი და მისი მოკავშირეები იყენებენ ტერმინ „იარაღად გამოყენებას“ თავიანთი დაუსაბუთებელი მტკიცებების დროს, რომ წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოროტად იყენებდნენ ფედერალურ ძალაუფლებას, რათა განეხორციელებინათ დევნა მის წინააღმდეგ ორი იმპიჩმენტის, სისხლის სამართლებრივი დევნის და 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გამოძიების განმავლობაში“, – წერს სააგენტო.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, უწყებათაშორისი ჯგუფის მისია „დიფ სთეითის“ დევნაა. ამ ტერმინით ტრამპი და მისი მხარდამჭერები პრეზიდენტის სავარაუდო მტრებს მოიხსენიებენ როგორც ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციააში, ასევე მისი პრეზიდენტობის პირველი ვადიდან.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ვერ შეძლეს, განესაზღვრათ, რა მასშტაბით შეძლო უწყებათაშორისმა ჯგუფმა გეგმების განხორციელება. ასევე არ არის დადგენილი ამ ჯგუფში ტრამპის ჩართულობა.

წყაროს ცნობით, ჯგუფი დაინტერესდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორით, ჯეიმს კომით, „კოვიდ-19“ პანდემიის დროს ტრამპის მთავარი მრჩევლით, ენტონი ფაუჩით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურებით, რომლებმაც სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოდ გამოაცხადეს. პოტენციური სამიზნეების სია სცდებოდა არსებულ ან ყოფილ სახელმწიფო მაღალჩინოსან პირებს. მათი სამიზნე აღმოჩნდა ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი – ჰანტერიც. თუმცა ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სადავოდ მიიჩნევს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ „შურისძიების მიზნით ცალკეულ პირებზე არავითარი დევნა არ ყოფილა“.

„IWWG უბრალოდ სწავლობს არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა, მიუთითებდეს ქმედებებს ანგარიშებზე, შეტყობინებებზე, ინდივიდებზე და სხვა, ვინც უკანონოდ ახორციელებდა მთავრობის იარაღად გამოყენებას, რათა განეხორციელებინა პოლიტიკური თავდასხმები“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

„როიტერი“ გაეცნო 20-ზე მეტ სამთავრობო დოკუმენტს, დაადგინა 39 პირის ვინაობა, რომელიც ჩართულია უწყებათაშორის ჯგუფში. ამ დოკუმენტებიდან ხუთი უწყებათაშორის ჯგუფს ეხებოდა, ხუთი – „იარაღად გამოყენების წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფს“, რომლის შექმნის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ თებერვალში გამოაცხადა, ცხრა კი მცირე ქვეჯგუფებს, სადაც იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა უწყებების თანამშრომლები ფიგურირებენ და იძიებენ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმას.

იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერი აღიარებს, რომ პემ ბონდიმ და ტულსი გაბარდმა მიიღეს განკარგულება, ჩაატარონ გამოძიება წინა ადმინისტრაციების მიერ „იარაღად გამოყენების“ სავარაუდო აქტებზე.

„როიტერმა“ ვერ დაადგინა, აქვს თუ არა აღნიშნულ ჯგუფს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები ან გასცეს მოქმედების მითითებები სააგენტოებისთვის თუ უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა.