„როიტერი“ – 15 ივლისს კანადაში, ქალაქ ტორონტოში ჰაერის ხარისხის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ამის მიზეზი ჩრდილო-დასავლეთ ონტარიოში ტყის ხანძრების კვამლია
15 ივლისს კანადაში, ქალაქ ტორონტოში ჰაერის ხარისხის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის მიზეზი ჩრდილო-დასავლეთ ონტარიოში ტყის ხანძრების კვამლია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კანადის გარემოსა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მონაცემებით, ტორონტოში ჰაერის ხარისხის ჯანმრთელობის ინდექსმა (AQHI) 10+ შეადგინა, რაც „ძალიან მაღალი რისკის“ კატეგორიას მიეკუთვნება.
მედიის ცნობით, კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ამ დროისთვის 100-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც საფრთხე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლებას ემუქრება. ტყის ხანძრების გამო არსებობს იმის საფრთხეც, რომ მომდევნო დღეებში კვამლი აშშ-ის ქალაქებამდეც გავრცელდება, მათ შორის ნიუ ჯერსიმდეც, სადაც კვირას, 19 ივლისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უნდა გაიმართოს.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, კეთი ჰოჩულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი და ბურუსი შტატის მასშტაბით ჰაერის არაჯანსაღ ხარისხს იწვევს. მან მოსახლეობას, განსაკუთრებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, სიფრთხილისკენ მოუწოდა.