როინ კვასხვაძე - ეს არის პროტესტი, თორემ ქუთაისის „ტორპედო“ არ მიგვიტივებია
როინ კვასხვაძე - ეს არის პროტესტი, თორემ ქუთაისის „ტორპედო“ არ მიგვიტივებია
„ჩვენ გუნდი არ მიგვიტოვებია, მაგრამ იმდენად რთულ პირობებში ვართ, რომ ძველებურად გაჩერება შეუძლებელია. ეს ნაბიჯი პროტესტის გამოხატულება და იმის მცდელობაა, რომ იქნებ, გუნდს ყურადღება მიაქციონ“ – ეს საქართველოს პირველ არხს ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა, საქართველოს ნაკრების წევრმა როინ კვასხვაძემ განუცხადა.
 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.
„ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმაზე დიდი ხანია ფეხს ვითრევდით, მაგრამ უკვე ყველაფერს საზღვარი აქვს. ჩამოსული ბიჭები ბაზაზე ცხოვრობდნენ და ვერ იკვებებიან. სავარჯიშო პირობები აღარაა, მომავალი გაურკვეველია და ასე ვერ გაგრძელდება. ეს ქუთაისის „ტორპედოა“ და არა რიგითი კლუბი და მას გაფრთხილება უნდა, არადა, ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ“ – ამბობს ქუთაისელთა კაპიტანი.
შეგახსენებთ, რომ გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა, რომ „ტორპედო“ მეპატრონესთან, ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავასთან ხელშეკრულების გაეწყვიტა. ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს და ქუთაისის მერიასა და მას შორის სასამართლო დავა წამოიწყო. მაგრამ საკითხი კი არ გარკვეულა და შესაბამისად, “ტორპედოს” პრობლემებიც ვერ გვარდება.
დატოვე კომენტარი