როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი (დრონით გადაღებული ვიდეომასალა)

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა, ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თვალსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.