როგორ შეძლო ჩინეთმა უზარმაზარი საავადმყოფოს 10 დღეში აშენება — ექსპერტის განმარტება
როგორ შეძლო ჩინეთმა უზარმაზარი საავადმყოფოს 10 დღეში აშენება — ექსპერტის განმარტება

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ქალაქ უხანში საგანგებო საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა, რომელიც სპეციალურად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მშენებლობამ მხოლოდ 10 დღეს გასტანა.

197 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც პირველი პაციენტები უკვე მიიღო, ორი სართულისგან შედგება და გათვლილია 1000 საწოლზე, აქვს რამდენიმე საიზოლაციო და ინტენსიური თერაპიის 30 განყოფილება.

მშენებლობის ფოტოები სოციალურ მედიაში პირველად 23 იანვარს გამოჩნდა; სურათებზე ჩანდა, როგორ თხრიდა მიწას ათობით ბულდოზერი. მომდევნო დღეებში, ინტერნეტში ხორციელდებოდა პირდაპირი ეთერი, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობის პროცესის ყურება.

„შენობის ასეთი სისწრაფით ასაშენებლად გადამწყვეტია წინასწარ დამზადებული ასაწყობი მასალების გამოყენება“, — ამბობს საინჟინრო კომპანია NTX-ის დირექტორი დევიდ ჰარტლი; მისი კომპანია საავადმყოფოებს გაერთიანებულ სამეფოში აშენებს.

მისი განცხადებით, ჯერ საძირკვლისა და შემდეგ სუპერსტრუქტურის აშენების ნაცვლად, წინასწარ დამზადებული ასაწყობი მასალები საძირკვლისა და შენობის გარე ნაწილის ერთდროულად მშენებლობის საშუალებას იძლევა.

„შესაბამისად, ასაწყობი ელემენტები სხვა ქარხანაში მზადდება იმ დროს, როდესაც ადგილზე საძირკვლის გათხრა მიმდინარეობს; შემდეგ საჭიროა მხოლოდ მათი ჩასმა“, — ამბობს ჰარტლი.

ასეთივე სიჩქარითა და მეთოდით ჩინეთმა საავადმყოფო 2003 წელს პეკინშიც ააშენა, მაშინ გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადებულ პაციენტთათვის.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უხანის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა 7500-ზე მეტი მუშა.

„აქ ცხრა დღის განმავლობაში ვიმუშავეთ, სამ დღეში მხოლოდ ორი საათით გვეძინა“, — ამბობს ერთ-ერთი მუშა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ამავე ვიდეოში ჩანს ისიც, რომ ზოგიერთი მუშა მშენებლობაში შეტანილი საკუთარი წვლილით საკმაოდ ბედნიერია.

„უბედურების დროს, დახმარება ყველა მხრიდან არის საჭირო. მე უხანის მცხოვრები ვარ და მშობლიური ქალაქის დაცვა ჩემი მოვალეობაა“, — ამბობს მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი პირი.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაფარვის (UHC) აღიარებული ექსპერტი რობერტ იატისი ამბობს, რომ ის სისწრაფე, რომლითაც ჩინეთმა საავადმყოფო ააშენა, „ბევრისთვის გაკვეთილი უნდა იყოს“.

„ასეთ სიტუაციებში, საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა. კერძო დაფინანსებაზე მყოფი ჯანდაცვის სისტემები ასეთ რამეს ვერასოდეს შეძლებენ. შესაბამისად, ეს უდიდესი რეკლამაა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ჯანდაცვის სისტემისთვის“, — ამბობს ექსპერტი.

ჰუოშენშანის ახალი საავადმყოფოდან დაახლოებით 40 კილომეტრში ჩინეთი მეორე ჰოსპიტალსაც აშენებს. ეს დაწესებულებაც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის იქნება განკუთვნილი და პირველ პაციენტებს რამდენიმე დღეში მიიღებს.

კორონავირუსით ამჟამად მსოფლიოში 28 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.