როგორ შეცვალა პანდემიამ ფეხბურთი - „დორტმუნდის“ მოთამაშეებმა გოლი დისტანციის დაცვით აღნიშნეს
როგორ შეცვალა პანდემიამ ფეხბურთი - „დორტმუნდის“ მოთამაშეებმა გოლი დისტანციის დაცვით აღნიშნეს

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შედეგად, ტოპ-ლიგებიდან პირველი გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა და გამოჩნდა, „კოვიდ-19“-მა ფეხბურთი როგორ შეცვალა.

ერთ-ერთმა პირველმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ და გელზენკირხენის „შალკე 04“-მა ითამაშეს. 29-ე წუთზე ანგარიში „ბორუსიას“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, რომელმაც ტორგან აზარის გადაცემით ისარგებლა. 19 წლის ფეხბურთელი სეზონის განახლების შემდეგ ბუნდესლიგაში პირველი გოლის ავტორი გახდა. ჰოლანდმა გოლი მარტომ აღნიშნა და იცეკვა. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნორვეგიელის თანაგუნდელები რამდენიმე მეტრში იდგნენ. ამის შემდეგ რაფაელ გერეირუმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც აზარმა გაიტანა და „ბორუსიამ“ ანგარიშით – 4:0 მოიგო.

გლობო ეისპორტმა“ (Globo Esporte) „ტვიტერის“ (Twitter) გვერდზე საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა, ცარიელ „სიგნალ იდუნა პარკზე“ უმაყურებლოდ გამართულ ამ შეხვედრაში მეორე გოლი ფეხბურთელებმა სოციალური დისტანციის დაცვით რომ აღნიშნეს – უჩვეულო, მაგრამ რეალობის ამსახველი სანახაობაა, რომელიც მალე ჩვეულებრივი ამბავი გახდება.