როგორ "მოიპარა" დემნამ მოდის თეორია
როგორ "მოიპარა" დემნამ მოდის თეორია

2016 წელს გამოცემა The Business of Fashion-მა წლის ადამიანად დაასახელა, 2017 წელს მოდის ყველაზე პრესტიჟული პრიზი მიიღო, მოდის სამყარო რამდენიმე წელიწადში შეცვალა და სახელი დემნა გვასალია რევოლუციონერ დიზაინერად აქცია. 

მისი ამბავი საქართველოში დაიწყო და დაბადებიდან (1981წ.) 17 წელი საქართველოშივე გაგრძელდა. მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა საბჭოთა პერიოდში გაიარა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დემნა გვასალია ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიაში კორესპონდენტად მუშაობდა. ფოტო მან საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

დემნა გვასალია სოხუმში დაიბადა. როგორც “გარდიანი” წერს, 1989 წელს მისთვის საბჭოთა ესთეტიკა დაიმსხვრა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში პოპ-მუსიკა, “კოკა-კოლა” და ჟურნალი “ვოგი” გაჩნდა. დიზაინერის თქმით, Vetements-ის ბოლო ჩვენება ყველაზე ახლოს დგას მის აღმოსავლეთ ევროპულ წარსულთან. “ეს 100%-ით მე ვიყავი, ჩემი ესთეტიკა იყო”, – ამბობს დემნა გვასალია.

დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო ბებია იყო. ბავშვობაში, მამამისის სამუშაოს გამო, დემნა იძულებული იყო, ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჯერ ლონდონში აღმოჩნდა, შემდეგ კი გერმანიაში.

ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო, დემნას ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, მამაკაცის ხაზის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი შექმნა ქალის ტანსაცმლის კოლექცია. პრეზენტაციის ნახვა, როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმშიც იყო შესაძლებელი, თუმცა ტანსაცმელს ვერავინ შეიძენდა. ამ პროექტმა დემნას პარიზში Maison Margiela-ში დაუმკვიდრა ადგილი, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სამყაროში.

​სამი წლის შემდეგ შეთავაზება Louis Vuitton-სგან მიიღო, იმ დროს დემნა მარკ ჯეიკობსთან მუშაობდა. ეს უკანასკნელი არ იყო ქართველი დიზაინერის მიზნებთან შესაბამისობაში, შესაბამისად, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და მოდის ინდუსტრიის გიგანტურ ბრენდში გადაინაცვლა.

დემნა გვასალია და მარკ ჯეიკობსი BALENCIAGA-ს ჩვენებაზე

მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. იმედგაცრუებულმა დემნამ თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად შექმნა Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება. ბევრმა არც კი იცის, რომ Vetements-ის გენერალური დირექტორი დემნას ძმა გურამ გვასალიაა.

დემნა ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად

Vetements

 

Vetements მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება, რომ ის იყო დამანგრეველი, მარგინალური და დაანგრია ტრადიციული მოდის სტანდარტები. მისი გუნდი სხვანაირად ფიქრობდა. მათი მთავარი მოტივი ტანსაცმლის გაყიდვა იყო.

დემნა გვასალია და Vetements – კოლექცია

 

 

გვასალია და Balenciaga

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დანიშნეს. ამ ფაქტით დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, თუმცა ნათელი იყო, რომ ეს პოზიცია მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა. მისი კოლექციები ხომ მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი ფაქტურა იმალება. Vetements-ის სახელი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მისმა ჯგუფმა ჩვენება ჩინურ რესტორან Le Président-ში მოაწყო, შემდეგი ჩვენება პარიზის ერთ-ერთ კლუბში – Le Dépôt-ში გაიმართა. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება და ჩვენება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართა, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ.

Vetements-ის ჩვენება Le Dépôt-ში

ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის.

ექსპერტთა აზრი ორად გაიყო – ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც კი პირიქით, დიზაინერს წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. აუდიტორია კი ერთ აზრზე დარჩა – ჩვენება იყო ძლიერი. დემნა გვასალიამ განახორციელა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის – გააუმჯობესა თანამედროვე კლასიკა მოცულობისა და გაბედული ტანსაცმლის წყალობით. ხაზი აღმოჩნდა შემოქმედებითი და ახალი, ნაკლებად გიჟური და ნაკლებად საიდუმლო, Vetements-ისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ადაპტირებული იმასთან, რაც აცვიათ რეალურ ცხოვრებაში.

დემნა გვასალია და Balenciaga – კოლექცია

დემნა გვასალიას “ბალენსიაგასთვის” შექმნილ სამოსს ხშირად საბჭოთა 90-იანი წლების მოგონებებს უკავშირებენ. მის ავანგარდულ სტილს აკრიტიკებენ, განსაკუთრებით კი, საქართველოში.

2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა.

დემნა გვასალია THE BUSINESS OF FASHION-ის გარეკანზე

2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.

გვასალიამ თავისი ჯილდო საყვარელ ნორა ბებიას მიუძღვნა – „ეს შენთვისაა, ნორა“, აღნიშნა მან გამოსვლისას და დასძინა, რომ ბებია იყო ის ადამიანი, რომელსაც უპირობოდ სჯეროდა მისი.

დემნა გვასალიას სამოსს მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები ატარებენ. ის ტრენდულია და მუდამ ყურადღების ეპიცენტრშია. ინტერვიუებს ხშირად არ იძლევა, თუმცა მისი ფრაზები მალევე ვრცელდება და მოდის ენციკლოპედიაში მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებს. ის საკუთარ ისტორიას თავადვე წერს, ეს ისტორია კი, ინდივიდუალიზმით არის გაჯერებული.

მნიშვნელოვანი ციტატები დემნა გვასალიას ინტერვიუებიდან:

“არ მგონია ელეგანტურობა ახლა რელევანტური იყოს. Vetements ქუჩისთვისაა და ჩემი აზრით, ქუჩაში ადამიანები იმისთვის არ გამოდიან, რომ ელეგანტურები იყვნენ. ჩვენ აქ ყველაფერს განსხვავებულად ვაკეთებთ, მაგრამ, ამავე დროს, Vetements-სთვის ქმნი, თუ მაღალი მოდისთვის კაბას კერავ, მაინც იმ ადამიანზე ფიქრობ, რომელმაც ის უნდა ატაროს. ჩემს ბრენდს ვინც იცვამს, ასე უნდა ფიქრობდეს: “მე ამაში თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ ჩემი ჩაცმულობით”.

წყარო: Guardian

“უკვე ვეღარ ვიტან, რომ რუსეთთან ასე ხშირად მაკავშირებენ. ისინი ამ პოსტსაბჭოთა ჭუჭყში მე, გოშას [რუსი დიზაინერი] და კიდე ბევრს ერთად მოგვიაზრებენ. ჩვენ მეგობრები ვართ, ერთად ვმუშაობთ. მოდის ინდუსტრიაში რუსეთიდან არც თუ ისე ბევრი ადამიანია. მიყვარს რუსეთი, ის მრავალმხრივ ახლობელია ჩემთვის, მაგრამ მასში ბევრი რამ არ მომწონს, განსაკუთრებით ის, რაც პოლიტიკას მენტალურად უკავშირდება”.

წყარო: Vogue

დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდის სტანდარტები შეცვალა და რეალურად, საკუთარი მოდის თეორია შექმნა.

 

 

დატოვე კომენტარი