როგორ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები
როგორ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების (საჭის გადატანის) შემთხვევაში“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის გარკვეული გარდამავალი პერიოდი დაწესდა და ინსპექტირების მთელი პროცესი ორ წელზე გადანაწილდა.

„რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტექნიკური ინსპექტირების პროცესისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე – 1484.