როგორ ემზადება ჰოლივუდი ოსკარების 90-ე ცერემონიისთვის
როგორ ემზადება ჰოლივუდი ოსკარების 90-ე ცერემონიისთვის

მსოფლიო მედიის კინოსა და მოდის კრიტიკოსების სამიზნე ხვალ ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრი, მისი სტუმრები და, რაც მთავარია, ოსკარის რიგით 90-ე ცერემონიის ნომინანტები და გამარჯვებულები იქნებიან.

კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ღონისძიებამდე ზუსტად ერთი დღე რჩება. მზადება ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიისთვის დასასრულს უახლოვდება. მზადდება წითელი ხალიჩა და სივრცე, სადაც ვარსკვლავებს ფოტოებს გადაუღებენ, რომლებზეც ზეგ უკვე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს.

ოსკარი წელს 90-ედ გაიმართება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შოუს პროდიუსერებმა და დიზაინერმა დერეკ მაკლეინმა გადაწყვიტეს, ოსკარის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სცენა გაეკეთებინათ. დიზაინერის გადაწყვეტილებით, სცენის თაღი სვაროვსკის 45 მილიონი ქვით იქნება მოპირკეთებული, გარდა ამისა, მთელი სცენა რამდენიმე ათეული დიდი და პატარა ჭაღით იქნება მორთული.

საზეიმო ცერემონიას ჯიმი კიმელი გაუძღვება. შოუს მსვლელობისას წამყვანი სხვადასხვა პერფორმანსებს შესთავაზებს მაყურებელს. ოთხსაათიანი პროგრამა ასევე მოიცავს მუსიკალურ ნომრებს. უკვე ცნობილია იმ შემსრულებელთა ვინაობაც, ვინც 2018 წლის ოსკარზე იმღერებს. თითოეული ის სიმღერა, რომელსაც მერი ჯეი ბლიჯი, გაელ გარსია ბერნალი, ანდრა დეი, ნატალია ლაფურკადი და მიგელი შეასრულებენ, ნომინირებულია ოსკარზეც.

შარშანდელი შეცდომისა და ოსკარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის შემდეგ, უორენ ბიტი და ფეი დანაუეი ოსკარზე კვლავ საუკეთესო ფილმს წარადგენენ. ამ ნომინაციაში ამერიკის კინოაკადემიამ ცხრა ფილმი წარადგინა.

2017 წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს, სწორედ უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის შეეშალათ კონვერტი და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

ამერიკის კინოაკადემიის ტრადიციას წელს ერთი მსახიობი დაარღვევს. მსახიობმა კეისი აფლეკმა, რომელმაც შარშან ოსკარი მიიღო, ცერემონიის ორგანიზატორებს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციის გამოცხადებაზე უარი უთხრა, ამის მიზეზად კი მისი მისამართით გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებებია.

წლევანდელ ოსკარზე ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ისტორიულ ოცდამეერთე ნომინაციაზე წარადგინეს ფილმისთვის The Post. მერილ სტრიპს აქამდე სამი ოსკარი აქვს აღებული ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „სოფის არჩევანი“ და „რკინის ლედი“. იმ შემთხვევაში, თუ სტრიპი წელს მეოთხე ოსკარს მიიღებს, იგი ოსკარების რაოდენობით ლეგენდარულ მსახიობ კეტრინ ჰეპბერნს გაუთანაბრდება.

 

ოსკარის 90-წლიან ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ქალი მეხუთედ წარადგინეს და ის Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგია.

გარდა ამისა, კინოაკადემიამ კიდევ ერთი ისტორიული ნომინაცია დაასახელა. საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში რეიჩელ მორისონი წარადგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა ოსკარის 90-წლიან ისტორიაში, როდესაც ეს ნომინაცია ქალმა მიიღო. რეიჩელი მუშაობდა დი რისის ფილმზე Mudbound.

 

მექსიკელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს სურათი „წყლის ფორმა“ 2018 წლის ოსკარზე ყველაზე მეტ 13 ნომინაციაში იქნება წარდგენილი.

 

ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი ფილმი „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური “ შვიდ ნომინაციას დასჯერდა.

 

რვა ნომინაცია შეხვდა კრისტოფერ ნოლანის „დიუნკერკს“.

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტულისთვის იბრძოლებს ბრიტანელი მსახიობი დენიელ დეი ლუისი. პოლ თომას ანდერსონის ფილმში შესრულებული მთავარი როლი დენიელ დეი ლუისის უკანასკნელი სამსახიობო ნამუშევარია. მსახიობმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მამაკაცი მსახიობია, რომელმაც 3-ჯერ მიიღო ოსკარი.

 

ოსკარისთვის იბრძოლებს ასევე გენიალური ინგლისელი მსახიობი გარი ოლდმენიც ფილმისთვის „ბნელი საათი“.

ამავდროულად, ოსკარის რამდენიმე ნომინაცია მიიღო რიდლი სკოტის ახალმა ფილმმაც – All the Money in the World. როგორ იცით, სწორედ ამ ფილმიდან ამოჭრეს კევინ სპეისის კადრები და მის მაგივრად როლი კრისტოფერ პლამერმა შეასრულა. სწორედ ამ ფილმის რეჟისორმა და უშუალოდ სპეისის შემცვლელმა დაიმსახურეს ოქროს გლობუსი, ახლა კი უკვე იგივე როლით პლამერმა ოსკარის ნომინაციაც მიიღო. ფილმის სიუჟეტი 1973 წელს მომხდარ ისტორიას ეხება, როდესაც იტალიაში ჯი პოლ გეთ III, მილიარდერი ჯი პოლ გეთ I-ის შვილიშვილი, გაიტაცეს და გამოსასყიდად $17 მილიონი მოითხოვეს.

დატოვე კომენტარი