როგორ ბეჭდავთ კლავიატურაზე და იყენებთ მაუსს, სამსახურში სტრესის დონის საუკეთესო მაჩვენებელია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ ბეჭდავთ კლავიატურაზე და იყენებთ მაუსს, სამსახურში სტრესის დონის საუკეთესო მაჩვენებელია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ის, თუ როგორ ბეჭდავენ ადამიანები კლავიატურაზე და იყენებენ კომპიუტერის მაუსს, შეიძლება სტრესის უკეთესი ინდიკატორი იყოს, ვიდრე გულისცემა. ამის შესახებ შვეიცარიელი მკვლევრები იუწყებიან და აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შექმნილმა მოდელმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქრონიკული სტრესის პრევენციას.

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETHZ) მკვლევართა განცხადებით, ახალი მონაცემებისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით, მათ ახალი მოდელი შექმნეს, რომელიც სამსახურში სტრესს მხოლოდ იმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს, თუ როგორ კრეფენ ადამიანები კლავიატურაზე და როგორ იყენებენ მაუსს.

„როგორც ჩანს, თუ როგორ ვკრეფთ კლავიატურაზე და ვამოძრავებთ მაუსს, გულისცემაზე უკეთესი საშუალებაა იმის პროგნოზისთვის, რამდენად დასტრესილად ვგრძნობთ თავს ოფისის გარემოში“, — ამბობს კვლევის ავტორი, მათემატიკოსი მარა ნაგელინი.

კვლევისათვის, ETHZ-ის მკვლევრები ლაბორატორიაში 90 მონაწილეს დააკვირდნენ, რეალური ოფისის სამუშაოსთან მიახლოებულ გარემოში, ისეთი დავალებების შესრულებისას, როგორიც არის შეხვედრების დაგეგმვა ან მონაცემთა ჩაწერა და ანალიზი.

მკვლევრები იწერდნენ მონაწილეთა ქცევას კლავიატურასთან და მაუსთან მიმართებაში, ასევე მათ გულისცემას და რეგულარულად ეკითხებოდნენ, რამდენად სტრესულად გრძნობდნენ თავს.

მონაწილეთა ნახევარს სამუშაოს შესრულებაში ხელს არაფერი უშლიდა, ნახევარს კი რეგულარულად უგზავნიდნენ ჩატში მესიჯებს და ასევე სთხოვდნენ სამუშაო გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებას.

დადგინდა, რომ დასტრესილი ადამიანები მოდუნებული ადამიანებისგან განსხვავებულად ბეჭდავდნენ კლავიატურაზე და ამოძრავებდნენ მაუსს.

„სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები მაუსით კურსორს უფრო ხშირად ამოძრავებდნენ და თანაც ნაკლები სიზუსტით, ეკრანის დიდ მანძილებზე“, — ამბობს ნაგელინი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ოფისში თავს დასტრესილად გრძნობენ, ბეჭდვაში უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, კრეფისას მცირე ხნით ხშირად ჩერდებიან.

მათგან განსხვავებით, მოდუნებული ადამიანები ბეჭდვისას უფრო ნაკლებ, მაგრამ დიდ პაუზებს აკეთებენ.

კავშირი სტრესსა და კლავიატურა-მაუსთან ქცევას შორის შეიძლება აიხსნას ე. წ. ნეირომოტორული ხმაურის თეორიით.

„სტრესის მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ინფორმაციის დამუშავების უნარზე. ასევე გავლენას ახდენს მოძრაობის უნარებზე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჟასმინ კერი.

მკვლევართა განცხადებით, გადაუდებლად აუცილებელია, რათა ვიპოვოთ სამსახურში გაზრდილი სტრესის გამოვლენის საიმედო გზა და იქვე აღნიშნავენ, რომ შვეიცარიაში, ყოველი სამი დასაქმებულიდან ერთი სამსახურში სტრესს განიცდის.

„ეს ადამიანები ხშირად იქამდე ვერ აცნობიერებენ, როგორ მიილევა მათი ფიზიკური და მენტალური რესურსები, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება“, — წერენ მკვლევრები.

ამჟამად ისინი მოდელს იმ შვეიცარიელ დასაქმებულთა მონაცემებზე ტესტავენ, რომლებიც დათანხმდნენ, რომ მათი ქცევა მაუსთან და კლავიატურასთან, ასევე გულისცემა, მუშაობის პროცესში სპეციალური აპლიკაციით ჩაიწერონ.

ETHZ-ის განცხადებით, შედეგები წლის ბოლოს იქნება.

მკვლევრები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემები სენსიტიურია და ამისათვის, დასაქმებულებთან და ეთიკოსებთან მუშაობდნენ, რათა სათანადო პასუხისმგებლობა უზრუნველეყოთ.

„ერთადერთი გზა, რომ ადამიანები ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენებას დათანხმდნენ, არის იმის გარანტირება, რომ დაცული იქნება ანონიმურობა და პერსონალური მონაცემები. ჩვენ გვსურს დასაქმებულებს დავეხმაროთ ადრეული სტრესის იდენტიფიცირებაში და არა კომპანიების მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნაში“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი ჟასმინ კერი.

კვლევა Journal of Biomedical Informatics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ethz.ch-სა და Agence France-Presse-ის მიხედვით.