როდის შეიძლება დასრულდეს COVID-19 მსოფლიოსა და საქართველოში — სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზი
როდის შეიძლება დასრულდეს COVID-19 მსოფლიოსა და საქართველოში — სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზი

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მონაცემთა მართვის ინოვაციების ლაბორატორიის მეცნიერები ახალი პროგრამის ფარგლებში გამუდმებით აწარმოებენ მსოფლიოში COVID-19-ის განვითარების მონიტორინგს. სხვადასხვა ქვეყნების მონაცემთა საფუძველზე, მათ შექმნეს მოდელი, რომელიც პროგნოზირებს, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება, მოდელის პროგნოზებიც ყოველდღიურად ახლდება.

მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ მათი მოდელი მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი და შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს.

სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზით, 27 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში 97-პროცენტიანი ალბათობით უნდა დასრულდეს 2020 წლის 30 მაისისთვის, 99-პროცენტიანი ალბათობით 16 ივნისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი 1-ლი დეკემბრისთვის.

სხვა ქვეყნებთან ერთად, მოდელი მოიცავს პროგნოზებს საქართველოსთვისაც. სინგაპურელ მკვლევართა გათვლებით, 27 აპრილის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით 2020 წლის 5 ივნისისთვის დასრულდება, 99-პროცენტიანი ალბათობით 24 ივნისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი პანდემია საქართველოში 26 ივლისს უნდა დასრულდეს.

მოდელის მიხედვით, აშშ-ში პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით დასრულდება 2020 წლის 15 მაისს, 99-პროცენტიანი ალბათობით 28 მაისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი 9 სექტემბერს.

მკვლევართა პროგნოზით, აზერბაიჯანში პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით 7 მაის დასრულდება, 99-პროცენტიანი ალბათობით 17 მაისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი 15 ივნისს.

ამავე პროგნოზის მიხედვით, თურქეთში პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით დასრულდება 2020 წლის 14 მაისს, 99-პროცენტიანი ალბათობით 24 მაისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი 30 ივლისს.