„როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა“
„როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში უსაფრთხოების სამსახურს მოუსმენენ და ამ სპეცოპერაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა – მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც დამაჯერებლად შეასრულეს. რა თქმა უნდა, ივანე გოლოშვილი გმირების ისტორიას სამუდამოდ დარჩება, მან მთელ ქვეყანას თავდადების მაგალითი მისცა და მისი ვაჟკაცობის წინაშე ქედს ვიხრით. როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა და ეს ჩვენმა კოლეგებმაც აღნიშნეს. მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს შევახსენო, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ტერორიზმისგან იცავს მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე, რომელ ტერორიზმს რა სახელი და გვარი, რა პასპორტი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როცა თქვენ გაცხადებულ მიზნად დასავლური სახელმწიფოს მშენებლობა გაქვთ, რომლის მაგალითები ისეთი ქალაქებია, როგორიცაა – ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ, ტერაქტებს ჰქონდა ადგილი და იქ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ვნახეთ. სამწუხაროდ, აქ ამას ვერ ვხედავთ. მიმდინარე პერიოდში, ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, მეორე ნაწილი ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ კრიტიკითა და თავდასხმებით გამოირჩევა, რაც მიუღებელია და ამ ადამიანების მიმართ ელემენტარული უმადურობაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.