როცა 0:7-ზეც მეკარე საუკეთესოა - „ლანჩხუთის“ კიპერის გასაოცარი შედეგი
ქალთა საფეხბურთო კლუბის, „ლანჩხუთის“ მეკარემ, თათია გაბუნიამ, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში გასაოცარი მაჩვენებელი დააფიქსირა – მან 21 სეივი განახორციელა.
საქართველოს ჩემპიონმა მტკივნეული მარცხი განიცადა – ქალთა საფეხბურთო კლუბი, „ლანჩხუთი“ „როსენგარდთან“ 0:7 დამარცხდა და შვედებმა, ფაქტობრივად, ტურნირის 1/8-ფინალის საგზური გაინაღდეს. წინ განმეორებითი მატჩია.
ამ ანგარიშის ფონზე რაც უნდა უცნაური იყოს, „ლანჩხუთში“ საუკეთესო სწორედ მეკარე იყო – 20 წლის გაბუნიამ შვედების არაერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია. შეიძლება ითქვა, რომ „როსენგარდი“ „ლანჩხუთის“ ნაცვლად, გაბუნიას ეთამაშებოდა და მასპინძლებიდან ყველაზე მეტად ის დაიღალა. შვედებს რეალურად წინააღმდეგობას სწორედ ის უწევდა.
საქართველოს ჩემპიონი გუნდი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან თათია გაბუნიამ გადაარჩინა, მის მიერ დაფიქსირებული შედეგი უნიკალური და გამორჩეულია. საშუალოდ, მეკარეებისთვის 5-6 სეივიც კარგ მაჩვენებლად ითვლება.
თათია გაბუნია საქართველოს ნაკრების მეკარეა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული გუნდის პირველი კიპერიც გახდა.
ფოტო – ლაშა კუპრაშვილი