რობერტო მანჩინი - უმძიმესი სანახავია კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ბავშვობის მეგობარი დაკარგა კორონავირუსის პანდემიის გამო.
„ვწუხვარ ჩემი მშობლების გამო, რომლებიც ჯეზაში ცხოვრობენ, თუმცა, ჯანმრთელად არიან. ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ჩემთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, როცა ბავშვები ვიყავით. ის ჯეზაში საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა”.
იტალიის ქალაქებიდან ბერგამო ყველაზე მეტად დაზარლდა პანდემიისგან, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სამხედრო სატვირთო მანქანებით ქალაქიდან 150 კუბო გაიტანეს. გარდაცვლილების კრემაცია უნდა მოხდეს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, რადგან ბერგამოს კრემატორიუმი გადატვირთულია, მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამეში 24 საათი მუშაობს.
„სახეში დარტყმასავითაა ბერგამოდან გამომავალი კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონის ცქერა. არავინ იყო მზად დედამიწაზე ჯოჯოხეთისთვის. აბსურდული და სრულიად მიუღებელია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები იღუპებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში საწოლების სიმცირის გამო.
ჩვენი მედიკოსები საგმირო საქმეებს ჩადიან და მე მათი აბსლუტურად მჯერა. აი, ამიტომაც არ ვაპირებ იტალიის დატოვებას“, – მოჰყავს მანჩინის სიტყვები „გაძეტა დელო სპორტს“.