რობერტო აზავედო - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით
რობერტო აზავედო - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით

ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რობერტო აზავედოს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ასევე, ვაჭრობის გლობალურ სისტემასა და ეკონომიკაში არსებული გამოწვევები.

რობერტო აზავედოს განცხადებით, საკმაოდ მზარდია ქვეყნის ეკონომიკა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მეექვსე ადგილზეა.

,,ამდენად, ყველაფერი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნა რობერტო აზავედომ.

მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი და ცენტრალურია ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.

,,ეს ის რეგიონია, რომელიც უნდა განვითარდეს. მისი მომავალი, როგორც სატრანსპორტო კორიდორი, ევროკავშირის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს, ამ ადგილის დასაკავებლად. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და კიდევ სხვა პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობის სრული საშუალება უნდა მიეცეთ. ისინი, მზად უნდა იყვნენ ყოველგვარი გამოწვევის გასამკლავებლად. სწორედ ეს არის ის სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტიზა და დახმარება, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა შიდა რეფორმირების თვალსაზრისით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში შესვლა სჭირდება”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.