რობერტა მეცოლა - უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროპული გზის იმედს და მკაფიო პერსპექტივას
რობერტა მეცოლა - უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროპული გზის იმედს და მკაფიო პერსპექტივას

უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროპული გზის იმედს და მკაფიო პერსპექტივას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„12 თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ ომი ჩვენს კონტინენტზე დაბრუნდებოდა. დღეს ასევე დაუჯერებელია იმაზე ფიქრი, რომ რუსეთის უკანონო ომი ერთი წლის შემდეგაც შესუსტების ნიშნებს არ იძლევა. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ყველა ჩვენგანისთვის ყველაფერი შეცვალა. ამ მოვლენამ მილიონობით უკრაინელის ცხოვრება შეარყია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენი ცხოვრების წესს, ევროპულ ღირებულებებს ეხება და რასაც ჩვენ ვიცავდით, მხარს ვუჭერდით, მსოფლიოში საფრთხის წინაშეა, რადგან ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ის მიმართულია ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემის წინააღმდეგ, რომლის შესაქმნელადაც ჩვენ ამდენს ვმუშაობდით.

მე ამაყი ვარ გასული წლის განმავლობაში ევროპის რეაგირებით, რომელიც იყო სამაგალითო როგორც უკრაინის დახმარების, ისე კრემლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. თავიდანვე, ევროპარლამენტმა მოითხოვა მკაცრი სანქციები პუტინისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ და უხელმძღვანელა ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროპული გზის იმედს და მკაფიო პერსპექტივას. მე ასევე ვამაყობ ჩვენ მიერ შექმნილი გლობალური ალიანსით. წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ძლიერი რჩება“, – განაცხადა მეცოლამ.

მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის სოლიდარობა ურყევი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე და მშვიდობის აღდგენამდე. მისი თქმით, მშვიდობა ვერ იქნება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე.

„პუტინი შეცდა არა მხოლოდ უკრაინის სიმამაცესა და სიმტკიცეში, არამედ დემოკრატიული წესრიგის სიძლიერეში. მან ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩვენი დებატები სისუსტედ მიიჩნია და ის უკვე იხდის ამისთვის საფასურს. თუმცა რეალობა ის არის, რომ უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება და ქვეყანას ისევ სჭირდება მეტი მხარდაჭერა. ჩვენ ვერანაირად ვერ დავუშვებთ, რომ ომით დაღლილობამ დაისადგუროს. ეს არის ის, რასაც კრემლი იმედოვნებს. მას უნდა, რომ გამოფიტოს ჩვენი სისტემები და ჩვენი მოთმინება. ევროპარლამენტი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, იქნება ეს მეტი დახმარება, მტკიცე მხარდაჭერა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება თუ მთელი ჩვენი პოლიტიკური წონის მიმართვა იმისკენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ომის დანაშაულებზე ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს. ჩვენი სოლიდარობა ურყევი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე და მშვიდობის აღდგენამდე. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, უნდა ვიყოთ მკაფიო. მშვიდობა ვერ იქნება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.