რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსმა ქვეყნებმა, შესაძლოა, კანადას მიბაძონ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ

13:56, 17.09.2026

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ „ევრონიუსთან“ განაცხადა, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსმა ქვეყნებმა, შესაძლოა, კანადას მიბაძონ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.

მისი განმარტებით, თანამოაზრე სახელმწიფოები უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ.

მეცოლას თქმით, კანადისთვის შეთავაზებული სტატუსი ევროკავშირის სრულ წევრობასა და კანდიდატის სტატუსს შორის არსებული მესამე გზაა.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სხვა ქვეყნებსაც მოიცავს და სხვებიც მოგვაკითხავენ. ასეთ გაურკვეველ დროში მეგობრებს მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მეცოლამ.

ევროკავშირს ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან სავაჭრო შეთანხმებები აქვს გაფორმებული, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის საწყის საფუძველს წარმოადგენს. მსგავსი ურთიერთობის დამყარება კანადასაც შესთავაზეს. კანადამ ევროკავშირთან ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას 2016 წელს მოაწერა ხელი. კითხვაზე, როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ასოცირებული წევრობის ტექნიკური მექანიზმი, მეცოლამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა.

ამასთან, რობერტა მეცოლამ ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ხელმისაწვდომობასა და საერთო რეგულაციებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც „თანამოაზრე“ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, სოციალურ მედიასა და არასრულწლოვანთა დაცვაზე.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ შეთავაზებით გამოვიდა.

საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესება განიხილოს, ასოცირებული წევრობის შესახებ ინიციატივა „მტრულ ხასიათს მიიღებს“.

„ევრონიუსის“ მიხედვით, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის ფონზე განიხილავს. აშშ კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ამჟამად მოქმედებს მაღალი ტარიფები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ზღუდავს.

მსგავსი