რობერტ სტურუამ „დინამოს“ ფინალის დღე გაიხსენა - ინგლისელები წერდნენ, ქართველებმა გვასწავლეს ფეხბურთი და შექსპირიო #1TVSPORT
ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გაიხსენა 1981 წელი, როდესაც თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფის 13 მაისის გამარჯვებამდე ლონდონში „ვესტ ჰემი“ დაამარცხა.
ამ პერიოდში ფეხბურთელებმა ფეხბურთის სამშობლოში ინგლისური კლუბი დამაჯერებლად დაამარცხეს, ხოლო რუსთაველის თეატრმა შექსპირის სამშობლო „რიჩარდ მესამეს“ ქართული ვერსიით გააოცა.
„ეს უნიკალური რამ იყო. იმ დროს რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ინგლისში ვიყავით. ვიყიდე მატჩის დიდი პოსტერი, სადაც ინგლისის დედოფალი დგას და ჯარს ესალმება. ეს ვაჩუქე ნოდარ ახალკაცს, სადაც მოვაწერე, ეს ხართ თქვენ და ეს არიან თქვენი ფეხბურთელები-თქო. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენმა თეატრმა ინგლისში „რიჩარდ მესამე“ წარმოადგინა და უდიდესი შეფასება მიიღო. ინგლისური პრესა წერდა, რომ ქართველებმა გვასწავლეს ფეხბურთი და შექსპირიო“, – გაიხსენა რობერტ სტურუამ.
ცნობილმა რეჟისორმა 13 მაისის ფინალის დღეც გაიხსენა.
„რომში ვიყავით, მაგრამ გვინდოდა დიუსელდორფში წასვლა. თეატრი ვერ დავტოვეთ, რადგან სპექტაკლები გვქონდა. გვითხრეს, რომ ვატიკანში რომის პაპი გამოდიოდა და ყველანი იქ წავედით. მოხდა ისე, რომ მაშინ რომის პაპს ესროლეს. დავბრუნდით თეატრში, სადაც გაითვალისწინეს, ქართველები რომ ვიყავით და თეატრის ჰოლში დიდი ტელევიზორი დადგეს, თამაში რომ გვენახა. მაგრამ პაპზე თავდასხმის გამო გლოვის დღე გამოცხადდა და მატჩის ჩვენება ყველა არხმა გააუქმა. საშინელ ვითარებაში აღმოვჩნდით. გაი ფერაძემ, რომელსაც პატარა როლი ჰქონდა, მოასწრო სასტუმროში გაქცევა და მონაკოს რომელიღაც არხი მონახა, რომელიც თამაშს აჩვენებდა. სპექტაკლის ბოლოს კიდევ ერთი სცენაშ იღებდა მონაწილეობას, დაბრუნდა და გვითხრა, მოვიგეთო და ერთი ამბავი ატყდა“.