რობერტ სტურუა - საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს, სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ  უფლება
რობერტ სტურუა - საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს, სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ  უფლება

მიხარია ის, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია, განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში, – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

რობერტ სტურუამ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა იმ პოლიტიკოსების გამო, რომლების მას შეურაცხყოფას აყენებენ.

„ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე ვიტყოდე იმას, რის გამოც გამოვედი აქ, რომ ხმა უნდა მივცეთ არაჩვეულებრივ  ქალს. მინდა, ბოდიში მოვუხადო სალომე ზურაბიშვილს იმ უზრდელი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ბოლო დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. თითქოს ქართველმა დაკარგა რაინდული სული და მე მრცხვენია ზოგჯერ. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნას. აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს,  უნდა ვაპატიოთ და ალბათ თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს საშინელი სიტყვების გამო. მე უბრალოდ მიხარია ის, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია და განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში. მომბეზრდა ბოლოსდაბოლოს არაპროფესიონალები, რომლებიც გვაზიან თავზე და რატომღაც დაჩემებული აქვთ, რომ იციან როგორ მართონ ქვეყანა. ვინ შთააგონა მათ, მშობელმა, მეზობელმა, თუ ვინ, ვერ გაიგებთ, ყველას უნდა იყოს ბელადი. ასე არ გამოდის, ბელადისთვისაც ბევრი რამ არის საჭირო”, – განაცხადა სტურუამ.

მისივე თქმით, შეიძლება კაცი იყოს სათავეში და არ იყოს განათლებული, მაგრამ იყოს ადამიანი, დღეს ესეც არ გვყავს.

„ასეთი რამ მაქვს გაგებული, რომ როდესაც სალომე იყო მთავრობაში და წავიდა მთავრობიდან, მან თქვა, რომ ქაჯები ხართო. ძალიან მომეწონა ეს არ ვიცი ლეგენდა თუ სიმართლე, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება. ქალბატონო სალომე ვიცი, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვიცი, ის რომ თქვენ ისეთი ოჯახიდან ხართ, რომ თქვენ საქართველო ნამდვილად, ნაღდად გვიყვარს და არა ისე, რომ ელოდებიან რაღაც გამორჩენას ამ უბედური ხალხისაგან”, – განაცხადა სტურუამ.