რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის დევნა შეწყდა
რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსამართლე ანა დანიბეკიანმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასთან დაკავშირებით აღძრული საქმე დახურა.

ამასთან, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა საქმის სხვა ფიგურანტების მიმართაც. კერძოდ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოგანიანისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, არმენ გევორქიანის წინააღმდეგ.

მანამდე, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუხლი, რომლითაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრლი ჰქონდა წაყენებული. ამის შემდეგ ქოჩარიანის ადვოკატებმა სასამარლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დაწყებული საქმის დახურვის მოთხოვნით მიმართეს.

მოსამართლის განმარტებით, რობერტ ქოჩარიანისა და არმენ გევორქიანის წინაღმდეგ პროცესი სხვა ბრალდების საფუძველზე გაგრძელდება. ექს-პრეზიდენტს ასევე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სასამართლოს მომდევნო სხდომა 13 აპრილს გაიმართება.

სომხეთის ექს-პრეზიდენტი 2018 წელს დააკავეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება 2008 წელს, მარტში გამართულ აქციებს, რა დროსაც, ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. აღნიშნული დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იყო. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი ოთხი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ექს-პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ მას „კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“ ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან 2008 წელს ის სახელმწიფოს მეთაური იყო.