რობერტ ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ
რობერტ ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ

სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ქოჩარიანს დღეს პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინა. აქციის მონაწილეები იმ შენობასთან მივიდნენ, სადაც ქოჩარიანისა და ჟურნალისტების შეხვედრა უნდა გამართულიყო. აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა დარბაზში შესვლაც მოახერხა. ქოჩარიანი ადგილზე ჯერ არ მისულა.

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გუშინ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სომხეთის მეორე პრეზიდენტი 28 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს, აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.