რობერტ ფიცო – უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირს 2027 წელს დამატებით 70 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან.
ფიცოს განცხადებით, ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირება „სახიფათო“ იქნება.
მისივე თქმით, სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვა მიმართულებებით, მათ შორის განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების პროექტებით გეგმავს, თუმცა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შესაძლო ახალი სესხის გამოყოფაში მონაწილეობას არ აპირებს.
ფიცოს განცხადებით, ამ პოზიციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარიც იზიარებს.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ, ბრიუსელში გამართულ სამიტზე საკმარისი ყურადღება არ დაეთმო სამშვიდობო ინიციატივებსა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხს.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,რომ ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რომელიც 70 მილიარდ ევროს შეადგენს.