რობერტ ფიცო - უკრაინა თუ მიიჩნევს, რომ მისი მომავალი ევროკავშირშია, მაშინ ჩვენც გვჯერა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ფიცომ უკრაინა-სლოვაკეთის ერთობლივი სამთავრობათშორისო კონსულტაციების გახსნის დროს განაცხადა.
ფიცოს თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია.
„სასაზღვრო თანამშრომლობა და უკრაინის ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია. ამის შესახებ რაიმე განსხვავებული ჩვენ არასდროს გვითქვამს. თქვენმა ქვეყანამ თუ გადაწყვეტილება მიიღო და თვლის, რომ თქვენი მომავალი ევროკავშირშია, მაშინ ჩვენც გვჯერა, რომ თქვენი გაწევრიანება რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, რობერტ ფიცომ განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კიევსა და ბრატისლავას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური იქნება, ვიდრე ახლაა.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, ფიცოს თქმით, ამასთან დაკავშირებით ქვეყნებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.