რობერტ ფიცო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კონფლიქტების მოგვარება დიპლომატიური დიალოგის გზით არის შესაძლებელი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კონფლიქტების მოგვარება დიპლომატიური დიალოგის გზით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, რომელიც ვიზიტით ერევანში იმყოფება.
რობერტ ფიცოს თქმით, მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ პროცესის შეუფერხებლად დასრულება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობებში ლიდერობისთვის. დიდი მადლობა ამ სასარგებლო, მრავალფეროვანი ინფორმაციისთვის, რომელიც ახლახან მოგვაწოდეთ ყველას. წელს გაკეთებული განცხადება გადამწყვეტი ნაბიჯი იყო რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და ორივე მხარის მიერ პროცესის შეუფერხებელი დასრულების უზრუნველყოფა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ამასთან, ფიცომ სლოვაკეთისა და სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა გვაქვს. სომხეთი სლოვაკეთისთვის რეგიონში მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენი ვაჭრობა იზრდება. მსურს, ჩვენი ვაჭრობის გაფართოებას დამატებითი ბიძგი მივცე, განსაკუთრებით ბირთვული ენერგიის, საავტომობილო ინდუსტრიის, თავდაცვისა და ტურიზმის სფეროებში. მჯერა, პრემიერ-მინისტრს საკმარისი დრო ექნება თანამშრომლობის ყველა ამ ასპექტისა და პერსპექტივის განსახილველად. უფრო ძლიერი მხარდაჭერით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან უფრო მჭიდრო გახდება. სლოვაკეთი მზადაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება კომპლექსური საბაზრო და სოციალური რეფორმების განხორციელებაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის დიალოგის პოტენციალის სრულად რეალიზებას“, – აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში ყოფნას.